თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა საზოგადოებრივი რადიოს ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, ლალი სეთურიძეს და ნესტან მესხს, რადიოს საერთაშორისო დღე მიულოცა.
თინათინ ნიბლოშვილმა რადიომაუწყებლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა რადიოს თანამშრომლებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ქმნიან საყვარელ გადაცემებს და ერთგულად ემსახურებიან ამ სფეროს.
„ამ მაღალტექნოლოგიურ ერაში რადიოს მიმართ ინტერესი არ დაკარგულა, ის დღევანდელ დღესაც თანამედროვეობის შესაბამისია. მინდა ეს დღე მივულოცო და მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს რადიომაუწყებლობის ევოლუციაში. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია საქართველოს რადიოსთვის, დაარსების 100 წლის იუბილე აქვს", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ნესტან მესხმა 2013 წელს საქართველოს რადიოში საავტორო გადაცემა „კლასიკის საათი" დააფუძნა და წლების განმავლობაში მისი წამყვანი იყო. ლალი სეთურიძეს კი რადიოში მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი იგი გადაცემა „ჩაკრულოს" პროდიუსერია.
რადიოს მსოფლიო დღე 2011 წელს იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე დაწესდა. 1946 წლის 13 თებერვალს პირველად გავიდა ეთერში გაეროს რადიო და რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს.