თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ეთნიკური უმცირესობის თემის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს თბილისის საკრებულოში უმასპინძლა.
შეხვედრები სომხური, აზერბაიჯანული და ასურელი თემების ახალგაზრდებთან თბილისის საკრებულოში არსებული ეროვნული უმცირესობის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა.
ახალგაზრდებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს წევრები თათია ჩახვაშვილი, ავთანდილ ცინცაძე, ნათია მოდებაძე, ალექსანდრე ხუჯაძე, მარიამ გელაშვილი და ანა კილაძე ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა სტუდენტებს საკრებულოს ისტორიული შენობა, თამარ მეფისა და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზები დაათვალიერებინეს, აგრეთვე ესაუბრნენ დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობასა და ფუნქციებზე, საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვან თემებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობისთვის. შეხვედრებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ყველა ხმა ისმის და ფასდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან თვითმმართველობით, რომლის ძირითადი იდეა ხალხთან ერთად მმართველობაა. საკრებულოში ყოველთვის იმართება მსგავსი ტიპის შეხვედრები, რამაც სამომავლოდ შეიძლება შექმნას ერთობლივი პროექტები და ინიციატივები, რომლებიც სარგებელს მოუტანს საზოგადოებას", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები ეროვნული უმცირესობის ახალგაზრდებთან მომავალშიც გაგრძელდება.