თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ სსიპ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კონსტანტინე ზარნაძის წარმომადგენლებთან ერთად ქერჩის ქუჩაზე გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. მოცემული ტერიტორია იდენტიფიცირებულია, როგორც ე.წ. ,,შავი წერტილების'' ადგილი (მომეტებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ადგილი).
როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიგეგმა რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც აამაღლებენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. კერძოდ: ,,ზებრა“- გადასასვლელი, განათება, მძღოლების წინასწარი ინფორმირება საშიშ წერტილამდე მიახლოებისას, შესაბამისი საგზაო ნიშნების განახლება და ა.შ.
,,დღეს გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად საგზაო ნიშნების განთავსების თაობაზე ვიმსჯელეთ და ამ მიზნით გლდანის რაიონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია ადგილზე შევისწავლეთ’’, -განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება კვლავაც გაგრძელდება.