თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ ლილოში, მდინარე ლოჭინის მარჯვენა მხარეს არსებულ ზეგანზე ავტოდრომის და მულტიფუნქციური საავტომობილო თემატიკის სივრცის - ლილო არენას მოწყობისთვის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მასთან ერთად, ავტოდრომის მშენებლობის სამუშაოებს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე და სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე გაეცნენ.
ლილო არენის მშენებლობისთვის დედაქალაქის მერიამ 91000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საავტომობილო სპორტის ფედერაციას სიმბოლურ ფასად გადასცა.
როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, სასიხარულოა, რომ ავტომოყვარულებისთვის ასეთი მასშტაბური ცენტრი იქმნება.
„ეს პროექტი არის ერთ-ერთი სპორტული ფედერაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის პარტნიორობის და თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ავტომოყვარულებისთვის საინტერესო და მასშტაბური სივრცე იქმნება. ამასთან, სერიოზული პრობლემაა დამწყები მძღოლებისთვის ისეთი უნარ-ჩვევების შეძენა, რაც მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. აქ აშენდება იმიტირებული ავტოქალაქი, გაკეთდება ტრეკი. მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელმაც ეს ტერიტორია სიმბოლურ ფასად გადასცა საავტომობილო სპორტის ფედერაციას. ასევე მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მევლუდ მელაძის განცხადებით, ავტოდრომი პირველ ავტომოყვარულებს გაზაფხულისთვის მიიღებს.
„ალბათ ყველა ელოდება ამ პროექტს, ვისაც ავტომობილი უყვარს. ეს იქნება ერთადერთი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც შეითავსებს არა მარტო ავტოდრომის ფუნქციას, არამედ სასწავლო და გასართობ ფუნქციებსაც. ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე უკვე გაიხსნება ავტოდრომის პირველი ნაწილი და ლილო არენა ფუნქციონირებას დაიწყებს,“- განაცხადა მევლუდ მელაძემ.
ლილო არენა ავტო–მოტო ტრანსპორტის მოყვარულთა გასართობ–საწვრთნელ–საშეჯიბრო კომპლექსია. ავტოდრომზე ყველას შეეძლება თავისთვის საჭირო მიმართულება აირჩიოს, ავტომობილის მართვის შემსწავლელი კურსიდან დაწყებული პროფესიონალური შეჯიბრებით დამთავრებული. კომპლექსში ინტეგრირებულია საბავშო ავტომობილის სასწავლო–გასართობი მოედანი, ოფროუდის საწვრთნელი კომპლექსი, დრიფტის სავარჯიშო მონაკვეთები, რალი–კროსის უბანი, კარტინგის საწვრთნელ–გასართობი ტრასა, მთლიანობაში ჩვიდმეტი სხვადასხვა მიმართულება.