თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ხელმძღვანელებთან - ირაკლი იზორიასა და გელა კვაშილავასთან, ასევე დედაქალაქის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან და შპს ,,გზაჯვარედინის“ ხელმძღვანელთან, ნიკა გაბელაიასთან ერთად, N180-ე და N117-ე საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიებთან არსებულ საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას გაეცნო.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, უკვე დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც სკოლებთან მოსწავლეების და რაც მთავარია, მძღოლების უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ამ მიზნით კი, სასწავლო დაწესებულებებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შუქნიშნები, საგზაო მონიშვნა, გამაფრთხილებელი და ა.შ) მოეწყობა.
,,აღნიშნული პროექტის მიზანი სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. უნდა შეიქმნას სასკოლო ზონა, რაც გულისხმობს მოსწავლეების საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ნიშნებით ინფორმირებას, ასევე ზებრისა და შემანელებლების მოწყობას’’, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
პროექტი ფონდის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის'' ინიციატივით ხორციელდება და მასში აქტიურად არის ჩართული როგორც თბილისის საკრებულო, ასევე დედაქალაქის მერია.