თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც რევაზ სოხაძე და თედო ისაკაძე უძღვებოდნენ. კომისიების წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს და ურბანული განვითარების სამსახურის რეორგანიზაციაზე თბილისის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე, ორი კომისიის წევრებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. ცვლილების თანახმად, დისტრიბუციის მანქანებისთვის საპარკინგე ადგილები დაემატება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, სპეციალური საპარკინგე ადგილები ელექტრო თვითმგორავებისთვისაც გამოიყოფა.
დღესვე დეპუტატებმა ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით, შპს „იქსორი ქავთარაძეზე“-სთვის ხელშემწყობი ღონისძიებები შეათანხმეს.
გარდა ამისა, კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. საკითხები საკრებულოს წევრებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარუდგინეს.