თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს დავით ჯაიანს მოუსმინეს. დავით ჯაიანმა თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ავტობუსის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის გაგრძელების შესახებ საგრანტო ხელშეკრულება წარადგინა, რომლის ხელმოწერის თაობაზე კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია გასცეს.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ ვრცლად ისაუბრა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმაზე, მის მიმდინარეობაზე.
საგრანტო ხელშეკრულება თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის EBRD-ის აქციონერთა სპეციალური ფონდის მხარდაჭერით ფორმდება. როგორც დავით ჯაიანმა განაცხადა, საგრანტო ხელშეკრულების მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ახალი სამარშრუტო ქსელის დანერგვისა და რეფორმის სხვა კომპონენტების მიმართულებით ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. კერძოდ, ქალაქში ავტობუსების მომსახურების რეფორმების განხორციელება, რაც ავტობუსების მარშრუტების რესტრუქტურიზაციასა და გაფართოებას, სატარიფო სისტემის რეფორმას, მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული ავტომატური სისტემის („AFC“) დანერგვას მოიცავს. ასევე, ქალაქის პოტენციალის გაზრდას მომსახურების დაგეგმვისა და ახალი საჯარო სერვისების ხელშეკრულებების მართვისა და მონიტორინგის კუთხით, რაც ქალაქს საშუალებას მისცემს მიაღწიოს მისაღებ უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით სტანდარტებს.
ხელშეკრულების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თბილისის მუნიციპალიტეტს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისათვის 240 000 ევრომდე გრანტს გამოუყოფს.