თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
ცვლილების თანახმად, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების მომსახურებასთან დაკავშირებულ პირობებს, მძღოლის შრომის ანაზღაურებას და საწვავის ხარჯის ოდენობას, თბილისის მთავრობა განსაზღვრავს და ნებართვების მფლობელებს მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელ თანხას აუნაზღაურებს. ამასთან, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსებზე მგზავრობის ფასის გადახდა მხოლოდ ელექტრონული გადახდის საშუალებებით განხორციელდება.
დღესვე, კომისიის წევრებმა „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხიც განიხილეს.
ცვლილებით, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი მტკიცდება 0,80 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით). დადგენილება მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება. აღნიშნული საკითხები სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარმოადგინა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 და № 17-48 დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტებიც განიხილეს.
ცვლილებების თანახმად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მარშრუტები ( M2 კატეგორია): 401, 402, 404, 405, 447, 466 და (M3 კატეგორია) : 301, 332, 334, 385 ჩაერთვებიან. საკითხები კომისიის წევრებს სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარუდგინა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.