თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა ხმაური ფონზე წარიმართა. სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებებს მოჰყვა, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენში კაბელებისა და სავენტელაციო სისტემების რეაბილიტაციას ეხებოდა.
ოპოზიციის ბრალდებებზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ უპასუხა და განმარტა, რომ აზიის განვითარების ბანკმა მეტროს რეაბილიტაციისთვის დაახლობით 15 მლნ აშშ დოლარი გამოყო. ტენდერი კი ყველა კრიტერიუმის დაცვით მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა.
მისივე განცხადებით, ტენდერში გამოცდილმა თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ქვემოიჯარედ პროდუქტის გარკვეულ მოწოდებაზე შეარჩია ის კომპანიები, რომლებიც დღეს განსჯის საგანი გახდა.
გარდა ამისა, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებს დავით ჯაიანს და ვასილ აბულაძეს მოუსმინეს.
განიხილეს საკითხი, რომელიც თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციისა და ინტეგრირებული ავტომატიზებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის შესამუშავებლად გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად შესასრულებელი დავალებების ჩაბარების ვადების ცვლილებებს ეხება.
ასევე იმსჯელეს ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს“ ენიჭება. აქამდე საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ჰქონდა.