თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ მიაწოდა.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 7 მილიონი ლარით იზრდება და ის 1 112 410,3 ათას ლარს შეადგენს. მისივე თქმით, იზრდება საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის და აღდგენა-რეკონსტრუქციის პროგრამების ასიგნება.
დღესვე სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი ცვლილება პერსპექტიული ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო დერეფნების კორექტირებასთან ერთად, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი დერეფნის ასახვას გულისხმობს.
ცვლილება ასევე განხორციელდა დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას ტარიფის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილების პროექტშიც.
წარმოდგენილ დადგენილებაში ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა ლოტ N3-ზე 3 მარშრუტის, ლოტ N4-ზე 15 მარშრუტის, ხოლო ლოტ N5-ზე კი 9 მარშრუტის გაუქმებამ.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.