თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს, რომლის თანახმადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 840 302,5 ათასი ლარით განისაზღვრება.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის განვითარების პროგრამისათვის გათვალისწინებულია 10 158,5 ათასი ლარი, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს მოხმარდება.
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, 2021 წლის განმავლობაში, გარკვეული ოდენობის საგზაო ნიშნების, მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებლების, შუქნიშნების, ბოძკინტების, ლითონის ძელებიანი ზღუდარის, სფერული სარკეების, ხელოვნური უსწორმასწორობის ბარიერების (ბორცვები) შეძენა და მონტაჟი, ასევე ავტობუსის გაჩერებებზე მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა იგეგმება.
ამასთან, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, თანხები თბილისის ავტობუსებისა და მეტროს პროექტის სესხის მომსახურებისთვისაც გათვალისწინებულია.