თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მილიარდ 119 მილიონ 917 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 1 49 614,5 ათასი ლარით მეტია. დღესვე გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებიც წარმოადგინა. მისი თქმით, 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა 42 204,9 ათასი ლარით იზრდება და 1 270 531, 8 ათასს ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ვასილ აბულაძემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ამოქმედდება M2 კატეგორიის ავტობუსების ახალი მარშრუტები, ასევე მოხდება გარკვეულ მარშრუტებზე ჩართული ავტობუსების რაოდენობის კორექტირება.
სხდომაზე ასევე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების შესახებ დედაქალაქის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.
წარმოდგენილ 3 საკითხს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.