დედაქალაქის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსს სერგო ბირკაძეს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს საკრებულოს 2015 წლის 25 მარტის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
კერძოდ, როგორც სერგო ბირკაძემ აღნიშნა, ხშირად შეღავათიანი სამგზავრო ბარათებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ, რაც დედაქალაქის ბიუჯეტს და სატრანსპორტი კომპანიას ფინანსურად აზარალებს.
წარმოდგენილი ცვლილებით, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ბარათი 6 თვით დაიბლოკება, რაც ბარათის სხვა პირზე გადაცემის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიშიც მოისმინეს.
დღესვე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის რაიონებში განხორციელებული სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების თაობაზე ისაუბრა და მათი აღმოფხვრის მიმართულებით განსახირციელებელ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.