თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა სსიპ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თბილისის ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის რამდენიმე წესში ცვლილებები წარადგინეს. ეს ცვლილებები შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობას და ლიმიტების რაოდენობას ეხება.
ამასთანავე, უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა კუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათების სხვა პირების მხრიდან გამოყენების გახშირებული ფაქტების აღკვეთის მიზნით, ბარათის დაბლოკვის ვადა 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება.
დღესვე, სხდომაზე ცვლილება განხორციელდა ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. კერძოდ, ამოქმედდა 5 ახალი მარშრუტი.
გარდა ამისა, ძალადაკარგულად გამოცხადდა საკრებულოს დადგენილება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ.
წარმოდგენილი დადგენილება ყვითელი მიკროავტობუსების მარშრუტების ტარიფებს არეგულირებდა. მოცემული დადგენილება ახალი ინტეგრირებული სისტემის დანერგვის გამო უქმდება.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ ყველა საკითხს დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.