სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე იმსჯელეს
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, "მდგრადი ურბანული მობილობა საქართველოში" - გონიერი სატრანსპორტო სისტემა (KFW) (კოდი 10 23) პროგრამის ასიგნებები – 700,0 ათასი ლარით, თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაციის პროექტის სესხის მომსახურება (კოდი 10 25) - 3 000,0 ათასი ლარით მცირდება.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ კომისიის წევრებს აღნიშნული სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში წარმოდგენილი ცვლილებები გააცნო.
ვასილ აბულაძის თქმით, დებულებაში ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვით სააგენტოს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
სააგენტოს უფროსს ენიჭება უფლებამოსილება დაამტკიცოს სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებულ ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და განსაზღვროს ვიდეო და აუდიო ჩანაწერების წვდომაზე, დამუშავებაზე, შენახვაზე, გაცემასა და წაშლაზე პასუხისმგებელი პირები.
დღესვე, ვასილ აბულაძემ „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
პროექტის თანახმად, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დანართი 2 -ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მთავრობის მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს ავტობუსის გაჩერებისთვის ან სპეციალური დაცული სადგომისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სხდომაზე კომისიის წევრბმა ასევე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დადგენილებით დამტკიცებულის წესის მე-3 მუხლიდან ხდება 31 პუნქტის ამოღება: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შპს „თბილისი ენერჯი“, სს „თელასი“ და ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი სამუშაოს ჩატარებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები თავისუფლდებიან ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებული საფასურის გადახდისგან.
ვასილ აბულაძემ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა.
პროექტის თანახმად, პირებს, რომელთა მიმართაც 2023 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე შედგენილია ელექტრონული საჯარიმო ქვითრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და ამ ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმა ან/და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავი გადახდილი აქვთ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სახაზინო კოდზე (300773255), ამასთან, ფიქსირდება სამართალდამრღვევის მონაცემები (სახელი, გვარი და პირადი ნომერი), თუმცა არ აქვთ მითითებული ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი, ჩაეთვალოთ გადახდილად და მათ მიმართ აღარ განხორციელდეს/აღარ გაგრძელდეს გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებები.