თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიაში, ტრანსპორტის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება.
დღეს, კომისიის ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე შპს ,,თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
საუბარი შეეხო კომპანიაში მიმდინარე პროცესებს, მგზავრთა მხრიდან მიკროავტობუსებში სამგზავრო პლასტიკური ბარათებით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემური ვითარებების დარეგულირების გზებს, მძღოლებისა და მგზავრების უფლებებსა და მომავალში დაგეგმილი მუშაობის მიმართულებების განხილვას.
გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს საკრებულოსა და მერიასთან კომპანიის თანამშრომლობის საკითხებზე და მომავალი ურთიერთობების პრინციპებზე შეთანხმდნენ.