თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით, მეტროთი და საბაგიროებით („რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ ) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. კომისიის წევრებმა მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის საკითხიც განიხილეს.
ცვლილებები კომისიის წევრებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა მერაბ მამულაშვილმა და ვასილ აბულაძემ წარუდგინეს.
ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, 9 აპრილს დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარეები, ასევე მათი გამცილებლები უფასოდ იმგზავრებენ.
ასევე შეღავათიანი, 20 თეთრიანი ტარიფით ,,კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის“, ,,თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისა“ და ,,თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის“ თანამშრომლები ისარგებლებენ.
გარდა ამისა, კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილებისა და რუსთავი-თბილისის ხაზზე ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე.
ახალი დადგენილებით, უკვე არსებულ 14 ქუჩას ემატება კიდევ 12 ქუჩა და ჯამში განსაზღვრულ 26 ქუჩაზე მგზავრების ჩამოსმა-აყვანა სავალდებულო მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე იქნება.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.