თბილისის საკრებულოში 7 კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქოანების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებს 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 169,0 ათასი ლარით იზრდება და 1 075 270,8 ათას ლარს შეადგენს.
ცვლილებები განპირობებულია დედაქალაქის მერიისათვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - ,,ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ სახსრებიდან, პროექტის - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვას დაქვემდებარებული ხელოვნური ტყეების გარდაქმნა ბუნებრივ ტყეებად“ განხორციელებისთვის გრანტის სახით მისაღები 159,4 ათასი ლარის ასახვის აუცილებლობიდან.
ასევე, ცვლილება შედის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და ააიპ „Rockeffeler Philanthropy advisors, Inc- ფონდს“ შორის ,,100 მედეგი ქალაქის ინიციატივის“ ფარგლებში გაფორმებული გრანტის ხელშეკრულებაში, რაც ითვალისწინებს 2019 წელს დამატებით 9,6 ათასი ლარის მიღებას.
ამასთან, ჩატარებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და სხვადასხვა პროგრამებში/ქვეპროგრამებში გამოთავისუფლებული რესურსების ხარჯზე 13 091,9 ათასი ლარი სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი პროექტის შესახებ იმსჯელეს, რომლის შესაბამისად, აუტიზმის ქვეპროგრამის მიხედვით ბენეფიციართა ასაკი 2-იდან 17 წლის ჩათვლით იზრდება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა თბილისში სატრანსპორტო საშულებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, გზების სატრანსპორტო საშუალებებისგან განტვირთვის მიზნით, სარგებლობის უფლებით გაიცემა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოსაყენებელი ელექტრო ველოსიპედების, მოპედების და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის განსაზღვრული ლოკაციები.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, უფასო პარკირებით სარგებლობის უფლება ეძლევათ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს თითოეული მიწის ნაკვეთის საკუთრებისას - მათ მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
რაც შეეხება, შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს, უფასო პარკირებით სარგებლობის უფლება ეძლევათ თითოეული შენობა-ნაგებობის საკუთრებისას - მათ მიერვე წინასწარ განსაზღვრულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო კვეტენაძემ სააგენტოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბრა.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომის დასასრულს, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ კომისიის მუშაობის 6 თვიანი ანგარიში წარმოადგინა.