თბილისის საკრებულოში ხუთი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სატრანსპორტო საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის ხსოვნას, რომელიც 13 ივნისს გარდაიცვალა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამოსილების შეწყვეტილად ცნობის საკითხი წარადგინა.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ საკრებულოს წევრებს მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამავე სამსახურის თანამშრომლის გიორგი ებანოიძის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ მიმართა. როგორც ცნობილია, ამ სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა. მანვე მერიის დებულებაში ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც მერიას პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სამართლებრივად ექნება.
საკრებულოს წევრებმა თბილისში M3 კატეგორიის ავტობუსებით და მეტროში მგზავრობისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები განიხილეს, რომელიც ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა წარადგინა.
ტრანსპორტი საქალაქო სამსახურმა კომისიების სხდომაზე რამდენიმე საკითხი წარუდგინა დეპუტატებს, მათ შორის პარკირების რეგულირების და პარკირების საფასურის დადგენის, საჯარიმო სანქციების ტარიფების, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობის ჯარიმების, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულებაში ცვლილების, რამდენიმე მიმართულებაზე დამატებითი მარშრუტების და ავტობუსების დანიშვნის შესახებ.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსმა ნინო კვეტენაძემ საკრებულოს წევრებს ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ და ამ პროექტის ფარგლებში კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ცნობილია, 2018 წლის იანვარში თბილისის მთავრობამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ვარკეთილში, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ტენდერში ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ვარკეთილი დიველოფმენთი“.
სხდომაზე დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.