თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით წარმოდგენილი 6 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა. ლევან მიქავამ სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა და ამასთანავე აღნიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა.
კომისიის წევრებმა ასევე სს ,,საქართველოს ბანკის’’ საქმესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებების გატარების თაობაზე იმსჯელეს.
სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
კერძოდ, როგორც ვასილ აბულაძემ განაცხადა, ამ ცვლილებით ,,შპს ,,ეკოსერვის ჯგუფში“ მომუშავე მძღოლებს, მებაღეებს, დამლაგებლებს, მთიბავებს, დამხმარე მუშებს, ელექტრიკოსებს, ძრავის შემკეთებლებს, შადრევნის მრეცხავებს, სპეციალისტებს, მჭრელებს, მხერხავებს, მუშებს უფასო მგზავრობის უფლება მიეცემათ.
დღესვე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2- M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
დავით ჯაიანის თქმით, 16 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება.ამოქმედდება ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი, ამასთანავე, ავტობუსების გარკვეულ მარშრუტებზე იცვლება მოძრავი ერთეულების რაოდენობა, მცირდება ინტერვალები და ასევე, გრძელდება რამდენიმე მარშრუტი.
რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ინტერვალი მცირდება 20 მარშრუტზე, ხოლო ორს კი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ახალი ინტერვალები განესაზღვრება.
წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.