დღეს თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა. სხდომაზე, კომისიის წევრებს, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.
საკრებულოს წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორიის და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“, საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების/ფასის, აგრეთვე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას და საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
პროექტის თანახმად, რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, გადახდის ახალი საბარათე სისტემა ინერგება. მგზავრობის ტარიფის გადახდის შემდეგ პირი 90 წუთის განმავლობაში იმგზავრებს ულიმიტოდ, იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობის დაწყებისას აიღებს სამგზავრო ბილეთს (რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა), მისი ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით. ცვლილება არ შეეხება უფასო და შეღავათიანი ტარიფით უფლების მქონე მოქალაქეებს, აღნიშნული მოქალაქეები კვლავ ისარგებლებენ დღეის მდგომარეობით მათთვის მოქმედი ტარიფით.
ვადიანი სამგზავრო ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“.
ვადიანი სამგზავრო ბარათის ღირებულება, დგინდება შემდეგი ოდენობით: ა) 1 დღე - 3 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში); ბ) 1 კვირა - 20 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში); გ) 1 თვე - 40 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით); დ) 3 თვე - 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 91 კალენდარული დღის განმავლობაში); ე) 6 თვე - 150 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში); ვ) 1 წელი - 250 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
დადგენილების პროექტით, ვადიანი სამგზავრო ბარათების რეალიზაცია დაიწყება 2022 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ბარათებით სარგებლობა - 2022 წლის პირველი თებერვლიდან. 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეძენილი ვადიანი სამგზავრო ბარათები 2022 წლის პირველი თებერვლიდან იქნება ძალაში.
კომისიის სხდომაზე, ასევე იმსჯელეს „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ,,საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისათვის“ შესახებ პროექტის ხელშეკრულების ხელმოსაწერად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან თანხმობის მიცემის შესახებ“ საკითხი მიმოიხილეს.
ასევე განიხილეს საკითხი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამავე კომისიის წევრი გურამ ოქროპირიძე აირჩიეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.