თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა. სხდომას კომისიის წევრების გარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ესწრებოდა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა. რის შემდეგაც, დეპუტატებმა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსს ვიქტორ წილოსანს მოუსმინეს, რომელმაც სააგენტოს საქმიანობის შესახებ საკრებულოს წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მიიღეს, რომლებმაც ვიქტორ წილოსანს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს კითხვები მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემოღების შესახებ დაუსვეს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა და მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა აღნიშნულ საკითხზე განმარტებები გააკეთეს.