თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს, საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო.
კომისიის წევრებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ასევე, მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის, ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, პირობებისა და გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობისას, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანისას, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენა/ჩაბარების, აღრიცხვა/ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებაც იმსჯელეს. საკითხები საკრებულოს წევრებს სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ გააცნო.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.