თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (135 -135(2) მუხლებით, 135(3) მუხლის პირველი ნაწილით, 135(4) და 135(5)) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 15 მაისის №57-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თბილისის საკრებულოს 2021 წლის 18 მაისის №81-50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” იმსჯელეს.
ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირების ადგილი აღჭურვილი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კამერის გამაფრთხილებელი ნიშნით. პროექტით მტკიცდება გამაფრთხილებელი ნიშნის ფორმა.
გარდა ამისა, სხდომაზე ასევე განიხილეს „თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
პროექტის თანახმად გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ უფასო პარკირების უფლებით სარგებლობა გამარტივდება. ცვლილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც არ იმყოფებიან ან იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს მოქალაქე არასრულწლოვან პირებს, ასევე იმ პირებს რომელთა მემკვიდრეობის შემთხვევაში სამკვიდრო გახსნილი არ არის.
საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ წარმოადგინა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.