თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.
თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ კომისიის წევრებს მოხსენება საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს.
ყველა სხვა საკითხი კი საკრებულოს წევრებს სსიპ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ - ვასილ აბულაძემ გააცნო.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს შორის იმ ცვლილებაზე ისაუბრეს, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) წესში ცვლილების შეტანას გულისხმობს, კერძოდ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ ავტობუსში მგზავრთა მომსახურებისას დაშვებული არ იქნება ფეხზე მდგომი მგზავრ(ებ)ის გადაყვანა.
ასევე, დადგენილებაში შესატანი ცვლილებების საფუძველზე ავტობუსის გაჩერებების მდებარეობა იცვლება, ნაწილი უქმდება, გარკვეულ მისამართებზე კი ახალი გაჩერებები დაწესდება. სიახლე ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული მოძრაობის ორგანიზების ცვლილებიდან გამომდინარე განისაზღვრა.
მორიგი განხილული საკითხი საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფის (ერთი მიმართულებით 1,0 ლარი) დამტკიცებას, მგზავრთა გადაყვანისას ფასდაკლების სიტემის დამტკიცებასა და სტუდენტებისთვის უფასო მგზავრობის უფლების მინიჭებას შეეხებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.