თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარუდგინა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. ცვლილების თანახმად, ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულია 45 მარშრუტი და 300 ერთეული მიკროავტობუსი.
ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიკროავტობუსების მგზავრობის საფასური 0,50 თეთრია. 1 აპრილიდან ინტეგრირებულ ქსელში ჩართული მიკროავტობუსიდან ავტობუსში ან მეტროში და პირიქით, 90 წუთის განმავლობაში გადაჯდომა უფასო იქნება. ამასთან, ავტობუსში და მეტროში მოქმედი შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებზე, ვეტერანებზე და ა.შ. გავრცელდება მიკროავტობუსებშიც.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვისას კომისიის წევრებმა მარშრუტების ცვლილების თაობაზე იმსჯელეს და გარკვეულ შემთხვევებში, დამატებით დიდი ტევადობის მოძრავი შემადგენლობის ჩართვის შემთხვევაში ავტობუსების საჭირო რაოდენობების განსაზღვრის შესახებაც ისაუბრეს.
მესამე საკითხს თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა წარმოადგენდა, რომელიც კომისიის წევრებს თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ წარუდგინა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.