თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების გაცემის წესის, მოქმედების ვადის, გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ასევე ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, მისი განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი ცვლილებით, 2022 წლის პირველ იანვრამდე გადავადდა დადგენილების იმ ჩანაწერის მოქმედება, რომლის თანახმადაც, „B“ კატეგორიის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის, ტაქსის მძღოლის ტრანსპორტში საჭე მარცხნივ მდებარეობს.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის, ფასის განსაზღვრის, ასევე ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანაც განიხილეს.
დადგენილების ამჟამად მოქმედი რედაქციით, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული ნებართვის მფლობელი ვალდებულია საწვავის, სხვა საქონლის და მომსახურების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განახორციელოს. არსებული პანდემიური ვითარების გათვალისწინებით, დადგენილებას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს განსხვავებული პირობები.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.