თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით- „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მეტროთი რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
დადგენილების პროექტის მიხედვით, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის ავტობუსებით მოსარგებლე მგზავრები შეძლებენ მგზავრობისას ისარგებლონ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებით დამტკიცებული უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლებით და ფასდაკლების სისტემით.
დღესვე, კომისიის წევრებმა ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხიც განიხილეს.
ცვლილების თანახმად, თბილისის საკრებულო, სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავს მგზავრობის ფასს, ხოლო განსაზღვრული მგზავრობის ფასი ჩაირიცხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისი ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს, რომელიც სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
მეოთხე საკითხს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვა წარმოადგენდა.
პროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან შემდეგი ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები: №408, №419, №457, №463, №464, №476, №482 და №483, ხოლო მგზავრთა სიმცირის გამო გაუქმდება №63, №64, №107 და №169 მარშრუტები. აქვე აღსანიშნავია, რომ №463 მარშრუტი სრულად ჩაენაცვლება №63 მარშრუტს.
საბოლოო საკითხად კომისიის წევრებმა საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანაზეც იმსჯელეს, რომლის თანახმადაც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან შემდეგი ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები - №343, №344, №363, №383 და №387. რომელთაგან პირველი 4 მარშრუტი (№343, №344, №363, №383) სრულად ფარავს დღეის მდგომარეობით მოქმედ №13, №19, №43, №63, მარშრუტებს, რის გამოც მოხდება ამ უკანასკნელი 4 მარშრუტის გაუქმება.
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხის თაობაზე ინფორმაცია თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეებმა, ვასილ აბულაძემ და დავით ჯაიანმა წარმოადგინეს.