თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა დავით ჯაიანმა ვასილ აბულაძემ წარუდგინეს.
კომისიის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, მხარი თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას დაუჭირეს.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით და მეტროთი სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ საკრებულოს 2015 წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესსა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს 2016 წლის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები.
განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გავა.