თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვიქტორ წილოსანის დანიშვნის შესახებ იმსჯელეს. კომისიის წევრებს აღნიშნული საკითხი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ჭიღლაძემ წარუდგინა.
დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძესაც მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 5 616,0 ათასი ლარით იზრდება და 1 106 066,8 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციისა და საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურებისთვის გამოყოფილი თანხები. თანხის უდიდესი ნაწილი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობუსების შეძენას მოხმარდება, რაც ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. გაიოზ თალაკვაძემ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ საუბრისას ყურადღება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენისთვის გამოყოფილ თანხებზე გაამახვილა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ვასილ აბულაძესაც მოუსმინეს, რომელმაც სამი საკითხი წარმოადგინა. აბულაძემ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ისაუბრა. ასევე, დეპუტატებს დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომლითაც ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური პარკირების ადგილის დამდგენი მანიშნებლები მტკიცდება.