თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №51-104 დადგენილების პროექტში ცვლილების თანახმად, იზრდება რამდენიმე პროგრამის/ქვეპროგრამის ასიგნებები, მათ შორის გათვალისწინებულია საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაცია, მეტროს სადგურების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასევე საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია.
საკითხი სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ - ლევან მიქავამ წარუდგინეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.