თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ, კომისიის წევრებს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (მ2 და მ3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლის ფარგლებშიც ავტობუსებით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გზით, აგრეთვე სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის გამარტივების მიზნით, ერთიანი ელექტრონული გაბილეთიანების სქემისა და განრიგის ერთობლიობით ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება და სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემა დაინერგება.
სხდომაზე დეპუტატებმა ასევე პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. პროექტის თანახმად, იცვლება პირის განმარტება, რომლის მიხედვითაც პირი არის ფიზიკური ან იურიდიული. ამასთან, ზუსტდება, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ელექტრონული მოწმობა, მას უფასო საპარკინგე ადგილით სარგებლობის უფლება მატერიალური ფორმით წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მიენიჭოს.
სხდომაზე განსახილველ მესამე და მეოთხე საკითხებს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მ3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრისა და 2015 წლის 27 მარტის დადგენილებაში ცვლილებების განხილვა წარმოადგენდა. პროექტის თანახმად, მერიის შესაბამის სამსახურებს შეღავათიანი მგზავრობის უფლებით უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მიაწვდის.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.