თბილისის საკრებულოში დღეს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე, სატრანსპორტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ჩუღურეთის რაიონში, აჭარის N10-ში მცხოვრები რამდენიმე ათეული ოჯახისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, უძრავი ქონების გადაცემას ერთხმად დაუჭირეს მხარი. როგორც აღინიშნა, ოჯახების შერჩევის პირველი კრიტერიუმი ცხოვრების ხანგრძლივობით განისაზღვრა და ის კონკრეტულ მისამართზე 2011 წლამდე შესახლებული მოსახლეობისთვის ფართების დაკანონებას გულისხმობს.
დღესვე, კომისიაზე დიდი დიღმიდან თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმართულებით ახალი მარშრუტის დანიშვნაც განიხილეს და მიკროავტობუსების მოძრაობასთან დაკავშირებით, ახალი ხაზების დამატებასა და სავაჭრო ცენტრების მიმართულებით მარშრუტების გაგრძელებას დაეთანხმნენ.
დეპუტატებმა, ასევე, მხარი დაუჭირეს ილია ელოშვილის დანიშვნას თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე .
სხდომაზე დამტკიცდა არსებული ეკონომიების საფუძველზე გამოთავისუფლებული თანხების სამედიცინო და სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებისთვის, ასევე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამისთვის მოხმარების საკითხიც, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარადგინა.
გაერთანებულ სხდომას, კომისიის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.