თბილისის საკრებულოს 5 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს სარევიზიო, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, სატრანსპორტო საკითხთა, გარემოს დაცვის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიებმა.
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მან ბიუჯეტის პროექტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, 2018 წლის პირვანდელი პარამეტრების გათვალისწინებით, 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პროექტით ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებია:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღდგენა, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრება. კვლავ შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა, ასევე განათლების დაფინანსება.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეკითხვები ეხებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, უფასო სასადილოების და სხვა სოციალურ პროგრამებს, ავარიული შენობების რეაბილიტაციას, ხელფასების ზრდას, გენერალურ გეგმას, გზების მშენებლობას და მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას.
საკითხვების განხილვას კამათი მოჰყვა მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.
როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ აღნიშნა, შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც საკრებულოს წევრებს აქვთ, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას გადაეგზავნება, შემდეგ კი თბილისის მერიას.