თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების საკითხი საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
საკითხი ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიო, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, სატრანსპორტო საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.
საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, საქმე ეხება საქართველოს მთავრობის განკარგულებას, ცენტრალური ბიუჯეტიდან თბილისისთვის 10 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების დასაფინანსებლად აისახება. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და ის 906 863,6 ათას ლარს შეადგენს.
ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების და რაიონის გამგეობების მიერ განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების და მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ უმოკლეს ვადებში უნდა აისახოს თბილისის ბიუჯეტში მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი 10 მილიონი ლარი, რომელიც სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე უნდა გადანაწილდეს.
ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისა და მოძიებული რესურსების გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა. კერძოდ, გზების მშენებლობის აღდგენა, გზების მოვლა-შეკეთება და კეთილმოწყობის სამუშაოები საბურთალოს რაიონში, მუნიციპალური ტრანსპორტით საქალაქო რეგულირებული სამგზავრო გადაყვანისას უფასო და შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე პირთა მომსახურება, 015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.