თბილისის საკრებულოს ექვსი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. გენგეგმის პროექტის განხილვაში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, გარემოს დაცვის, სატრანსპორტო საკითხთა, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიები, ასევე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ალექსანდრე ტოგონიძე და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საკრებულოში მიმდინარე სხდომას არასამთავრობო სექტორის, საექსპერტო ჯგუფების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.
სხდომა ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ გახსნა. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტმა ყველა ის შენიშვნა გაითვალისწინა, რომელიც საკრებულოს ჰქონდა და საბოლოო დოკუმენტი შეიქმნა. მაია ბითაძემ გენგეგმის დოკუმენტთან ერთად, განაშენიანების რეგულირების წესებში - 14/39 დადგენილებაში ცვლილებებზე ისაუბრა. დედაქალაქის მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აგებულია სამ ძირითად პრინციპზე - მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გენერალურ გეგმას თან ახლავს ის დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია მისი განხორციელებისთვის და ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს ეხება.
როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, გენგეგმის პროექტში ურბანული განაშენიანების და განვითარებისთვის ახლებური მიდგომებია. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ისტორიულ-კულტურული ნაწილის განვითარებასა და ლანდშაფტურ მნიშვნელობაზე. როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, წლების განმავლობაში თბილისი ურბანულად არასწორად ვითარდებოდა, რის გამოც ქალაქის გარკვეული უბნების ეკონომიკური ღირებულება გაუფასურდა. სწორედ ამ პრობლემის გამოსასწორებლად, გენგეგმაში მნიშვნელოვანი პუნქტებია ასახული.
მაია ბითაძემ გამოყო რამდენიმე სიახლე- სატყეო ზონისა და სამი ტიპის რეკრეაციული ზონის შემოღება. თბილისის მერის მოადგილემ ისაუბრა იმ სამართლებრივ ცვლილებებზეც, რომლებიც დოკუმენტს ახლავს თან. ეს ცვლილებები ეხება კოეფიციენტების გადამეტების აკრძალვას, რეკრეაციული ზონების განვითარებისთვის რეგულაციებს, განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებებს.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვები შეეხებოდა ზონალურ ცვლილებებს, რკინიგზას, ისტორიული ქალაქის იერსახის შენარჩუნებას.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დოკუმენტს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.