თბილისის საკრებულოში, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განიხილეს. სხდომას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი ესწრებოდნენ.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დეპუტატებს „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა. მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, თბილისი ოთხი ძირითადი მიმართულებით, კომპაქტური, მწვანე, კარგად შეკავშირებული და მედეგი ქალაქი, უნდა განვითარდეს.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ქალაქის კომპაქტურობის, ასევე ლანდშაფტური, მწვანე არეალების ერთიანი განვითარების პრინციპი. მერაბ ბოლქვაძის თქმით, გენგეგმის თანახმად, აღნიშნული პრინციპით, შვიდი საქალაქო პარკის გაშენება იგეგმება.
გარდა ამისა, მერაბ ბოლქვაძემ ქალაქის სატრანსპორტო, ასევე პოლიცენტრული განვითარების შესახებაც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, გენერალური გეგმის თანახმად, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს, რაც დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას საფეხმავლო სივრცეები და მოხდეს პარკირების რანჟირება.
რაც შეეხება თბილისის პოლიცენტრულ განვითარებას, მერაბ ბოლქვაძის თქმით, დედაქალაქის ცენტრის განსატვირთად, აუცილებელია მისი თანაბარი განვითარება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა ის ობიექტი, თუ სერვისი, რისი მიღებაც მოსახლეობას ცენტრალურ ქუჩებზე შეუძლიათ გარეუბნებშიც უნდა არსებობდეს. როგორც ბოლქვაძემ განაცხადა, გენერალური გეგმის პროექტის თანახმად, თბილისში 5 პოლიცენტრული არეალი უნდა შეიქმნას.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი ასპექტების პრეზენტაციის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს ოპოზიციის ძირითადი შეკითხვები განაშენიანების რეგულირების წესებსა და ზონირების საკითხებს ეხებოდა. გარდა შეკითხვებისა, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გენგეგმის პროექტის შესახებ საკუთარი შენიშვნები წარმოადგინეს. მათი თქმით, გენგეგმის დოკუმენტში ბევრი ხარვეზი და ურთიერთგამომრიცხავი მიდგომებია, რომელთა გამოუსწორებლობის გარეშე გენგეგმის მიღება დაუშვებელია.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე კი აცხადებს, რომ მერიის შენიშვნების შემდეგ, დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თბილისს ერთ-ერთი საუკეთესო გენერალური გეგმა ექნება. მან ოპოზიციის შენიშვნებს ზედაპირული უწოდა და გენერალური გეგმის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემაც გააკეთა. მან „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი არის საკმაოდ მრავლისმომცველი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია მისი სრულად გაანალიზება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, დოკუმენტის საჯარო და კომისიურ ფორმატებში განხილვა კვლავ გაგრძელდება და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.