საქართველოსა და სომხეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციების თანამშრომლობით, სომხეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით, რეტრო ავტომობილებით ავტოგადარბენა ერევანი-თბილისი განხორციელდა. ავტოგადარბენა საქართველოში დაბადებული, ცნობილი სომეხი ბიზნესმენის და ფილანტროპის, ალექსანდრე მანთაშევის 180 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ვიზიტის ფარგლებში, ავტოგადარბენის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოს შენობის წინ, თავისუფლების მოედანზე, მცირე ხნით გააჩერეს მათი კუთვნილი რეტრო ავტომობილები და თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს შალვა ოგბაიძეს შეხვდნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ განაცხადა, ქართველ და სომეხ ავტომოყვარებულებს მეგობრული ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებთ.
„ეს ავტოგადარბენი თემატურად მიეძღვნა თბილისელი, ეთნიკურად სომეხი ბიზნესმენის ალექსანდრე მანთაშევის იუბილეს. ამ ავტოგამოფენის გარდა, საქართველოსა და სომხეთის საავტომობილო ფედერაციები არაერთი წელია ერთობლივ ღონისძიებებს მართავენ,“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
სომხეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ყოველწლიური გახდება.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის საავტომობილო სპორტის ფედერაციებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორამდუმის თანახმად, ყოველწლიურად როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ორივე ქვეყნის საავტომობილო ფედერაციების ორგანიზებით, რეტრო ავტომობილების გამოფენები გაიმართება.