თბილისის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა–აღდგენისთვის ბიუჯეტში 130 მილიონ 531 ათასი, ხოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრებისთვის 195 მილიონ 642 ათასი ლარია გამოყოფილი.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, გზების კაპიტალურ შეკეთებასთან ერთად, ე.წ. "ლაგუნა ვერესთან" გზის გაფართოებაა დაგეგმილი, გაზრდილი ოდენობით არის წარმოდგენილი კახეთის გზატკეცილის (მარჯვენა) სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციაც.
დოკუმენტის მიხედვით, ასევე ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება განხორციელდება.
ბიუჯეტში მეტროს სადგურების ზედა და ქვედა ვესტიბიულების კაპიტალური შეკეთების სამუშაოებია გათვალისწინებული.
პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებაც, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების, ასევე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე სახლების რეაბილიტაცია.
დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყებაც, მათ შორის მშრალი ხიდისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, თბილისში, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა და გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდ. გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატებმა ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს, საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს და ბიუჯეტის პროექტს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, 2018 წლის ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული, რაც სრულად ასახავს იმ დაპირებებს, რომლებიც ქართული ოცნების გუნდმა წინასაარჩევნოდ გააჟღერა.
გაერთიანებული კომისიების სხდომას, რომელსაც ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ხელმძღვანელობდნენ, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.