თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც ორივე კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე და თედო ისაკაძე უძღვებოდნენ, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი განიხილეს. საკითხი დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა, რომელმაც ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 927 მილიონ 631 ათას 500 ლარით განისაზღვრა.
გარდა ამისა, დღესვე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილების თანახმად, 2018 წლის ბიუჯეტი, სპეციალური ტრანსფერის ხარჯზე, 170 მილიონი ლარით იზრდება და ეს თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ავტობუსების შეძენას, მეტროს სადგურების მშენებლობა-რეკონსტრუქციასა და ქალაქის დასუფთავების ღონისძიებებს მოხმარდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი შენიშვნები ოპოზიციის წევრებმა წარმოადგინეს. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც, კომისიის წევრებმა ორივე საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.