თბილისის საკრებულოს ოთხი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, სატრანსპორტო საკითხთა კომისიების სხდომა გაიმართა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ დღეს მეექვსე მოწვევის საკრებულოს კომისიების ამ შემადგენლობის ბოლო სხდომა იმართება. მან კომისიების წევრებს მუშაობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
დღის წესრიგის შესაბამისად, გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის ავტობუსის პროექტი ფაზა III”-ს ფარგლებში სასესხო ხელშეკრულებაზე თანხმობის საკითხი განიხილეს. საკითხი სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა წარადგინა. მისი განცხადებით, სასესხო ხელშეკრულება 83 მილიონ ევროს მოიცავს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ საკრებულოს წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, გაცვლის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარუდგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში და დადგენილებებში ცვლილებები წარადგინა. ეს ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე განხორციელდა.