თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული საკითხი კომისიის წევრებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს ნაცვლად 4 მოადგილისა, 3 მოადგილე ეყოლება. ამასთან, სამსახურში 5 განყოფილების ნაცვლად, 4 განყოფილება იქნება.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, უქმდება პარკირების და სანებართვო-ანალიტიკური განყოფილება, რომელთა ფუნქციებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების განყოფილებას გადაეცემა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზედამხედველობის განყოფილების ნაცვლად, სამსახურში მარშრუტების დაგეგმარებისა და კონტროლის განყოფილება ყალიბდება.
გარდა ამისა, სამსახურში პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილებაც შეიქმნება. პროექტის თანახმად, ტრანსპორტის სამსახურს ახალი ფუნქციებიც დაემატება.
როგორც საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე აღინიშნა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისთვის ფუნქციების დამატება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც თავის მხრივ, ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით, დედაქალაქში არსებული ვითარების მოწესრიგებას ხელს შეუწყობს.
დღესვე, დეპუტატებმა დედაქალაქში ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმის პროექტიც განიხილეს. გარდა ამისა, სხდომაზე მერიის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებაც იმსჯელეს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დეპუტატებმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვის რეკომენდაცია მისცეს, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, M2 კატეგორიის ავტობუსებით, რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობის ფასის ანაზღაურების შესახებ საკრებულოს დადგენილება გახლდათ.