თბილისის საკრებულოს შვიდი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ დადგემილებაში ცვლილებები განიხილეს.
სხდომა ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ გახსნა. მან აღნიშნა, რომ კომისიურ ფორმატში მიმდინარე განხილვების დროს გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც მერიამ გადაამუშავა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი საკრებულოს წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ტოგონიძემ წარუდგინეს. მაია ბითაძემ განაცხადა, რომ დასრულდა ხანგრძლივი მუშაობა როგორც გენგეგმაზე, ასევე იმ ცვლილებებზე, რომლებიც ქალაქის განვითარების მთავარი დოკუმენტის განხორციელებას უზრუნველყოფს. მერის მოადგილემ K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე გაამახვილა ყურადღება.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სამ ძირითად კონცეპტუალურ მიმართულებას მოიცავს - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური ქალაქი. თბილისის მერის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამივე პრინციპზე. მან განაცხადა, რომ ახალი დოკუმენტით სატყეო ზონები და სამი ტიპის რეკრეაციალი ზონა შემოდის, ასევე დადგინდა განაშენიანების კონტურები, განისაზღვრა ისტორიულ-კულტურული და ლანდშაფტური ზონები, რომელიც რეგულირების ზონიდან ამოღებული იყო. მაია ბითაძის თქმით, თბილისს პირველად აქვს ქალაქის თემატური რუკა.
თბილისის მერის მოადგილემ რამდენიმე ცდომილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გამოსწორებისთვისაც საკრებულოს მხარდაჭერა სთხოვა. ამ ცდომილებებიდან ერთ-ერთი ბოტანიკურ ბაღს ეხება. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ბოტანიკურ ბაღს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს და იქ ლანდშაფტურის გარდა, რაიმე სხვა სახის საქმიანობა დაუშვებელია.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ორივე საკითხთან დაკავშირებით, ტექნიკური სახის შენიშვნები გამოთქვეს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.