თბილისის საკრებულოში ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
დეპუტატებმა სხდომაზე თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დედაქალაქის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის № 34 - 115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული ცვლილებები კომისიების წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქოს სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოუდგინა.
წარმოდგენილი პროექტით, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 62 820,0 ათასი ლარით იზრდება და 1 063 101,8 ათასი ლარით განისაზღვრება.
ცვლილებები, ძირითადად, სესხის სახით მოზიდული სახსრების ბიუჯეტში ასახვით ხორციელდება, რაზეც თბილისის მთავრობას თანხმობა დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი განკარგულებით აქვს მიღებული.
ლევან მიქავას განმარტებით, სესხის აღების მიზნით, კომერციულ ბანკებში გაიხსნება საკრედიტო ხაზი, რომლის აუცილებლობაც თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებითაა განპირობებული.
წარმოდგენილი ცვლილებებით, დედაქალაქის მერიას ისეთი მასშტაბური პროექტების დროულად განხორციელების შესაძლებლობა ეძლევა, როგორებიცაა: თბილისის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია.
ასევე, გათვალისწინებულია თბილისის მერიის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და რაიონული გამგეობების დამატებითი მოთხოვნების შესახებ წინადადებები, რაც მიმდინარე პერიოდში ჩატარებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და სხვადასხვა პროგრამებში ღონისძიებების ღირებულების დაზუსტებით გამოთავისუფლებული თანხების ხარჯზე ხორციელდება.
ბიუჯეტის ზრდისა და მოძიებული ეკონომიების გათვალისწინებით, 68 324,6 ათასი ლარი სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორისაა:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.
იზრდება თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამის და დაავადებათა სკრინიგის ქვეპროგრამის დაფინანსება და ამასთანავე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარებაც.