თბილისის საკრებულოში 4 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებსა და ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების შესახებ იმსჯელეს. სხდომას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტაქსით გადაყვანის სანებართვო პირობების შესახებ საკითხი დეპუტატებს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ წარუდგინა. მისი თქმით, თბილისის ფარგლებში მგზავრთა ტაქსით გადაყვანისთვის შესაბამისი პირობები და ლიცენზიის გაცემის წესია განსაზღვრული. ლიცენზიის აღება მძღოლებს მიმდინარე წლის, 1 აგვისტოდან- 1 ოქტომბრამდე შეეძლებათ. როგორც აბულაძემ განაცხადა, ლიცენზია ერთი წლის ვადით იმოქმედებს. გარდა ამისა, მისივე თქმით, ნებართვის მქონე პირების შესახებ შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა და აღნიშნული ბაზის განახლებისა და დამუშავების წესი განისაზღვრება.
დღესვე კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. საკითხი მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი, კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე, 10 მილიონი ლარით იზრდება, აქედან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებისთვის დამატებით მილიონ ორმოცდარვა ათას ოთხასი ლარი გამოიყოფა.
კომისიების დღევანდელ სხდომაზე ურბანული საკითხებიც განიხილეს. დეპუტატებმა რამდენიმე მისამართზე, ზონალურ ცვლილებებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.