თბილისის საკრებულოს ექვსი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, სარევიზიო, სატრანსპორტო საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების სხდომაზე 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.
როგორც ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დავით უთმელიძემ განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტი თბილისის მუნიციპალიტეტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. მისივე თქმით, ეს ფინანსები პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება.
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით იზრდება და მილიარდ 191 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრება. დედაქალაქის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძე წარადგინა. მისი ინფორმაციით, გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები. გაიოზ თალაკვაძემ ის ძირითადი პრიორიტებები და მიმართულებები ჩამოთვალა, რომლებზეც გაზრდილი თანხა გადანაწილდება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ექვსივე კომისიამ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
გაერთიანებულ სხდომაზე ასევე განიხილეს თბილისში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობს ფორმის, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხი.
სხდომის ფარგლებში აგრეთვე მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატან ცვლილებაზეც იმსჯელეს, რომლის შესახებაც მოხსენება შესაბამისი სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ წარმოადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხი წარადგინა. საქმე ეხება შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ რამდენიმე ობიექტის დაფინანსებას.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.