თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო ისაკაძემ და ამავე კომისიის წევრმა, ავჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს.
თედო ისაკაძემ ყურადღება დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, სატრანსპორტო საკითხთა კომისია უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული თბილისში სატრანსპორტო მიმართულების მოწესრიგებასა და სრულყოფაში.
მისივე განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა სატრანსპორტო, საგზაო თუ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. დედაქალაქში სატრანსპორტო მომსახურეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების და მარშრუტებზე დროის დანახარჯის შემცირების მიზნით კი არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.
კერძოდ, 2018 წლის სექტემბრიდან, მეტროს- ,,ახმეტელის თეატრი“ - ,,ვარკეთილის“ ხაზზე ახალი, სამი ოთხ ვაგონიანი შემადგენლობა დაემატა, ხოლო საბურთალოს ხაზს, ერთი სამ ვაგონიანი შემადგენლობა. შედეგად, მეტროში მოცდის პერიოდი სამ წუთამდე შემცირდა. ამასთანავე, ახალი ავტობუსების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი, რომელში გამარჯვებული კომპანიაც 2018-2019 წლებში ახალ, ეკოლოგიურად სუფთა 90 ერთეულ ავტობუსს ეტაპობრივად შემოიყვანს. უახლოეს პერიოდში კი 220 ავტობუსის შეძენაზე კიდევ ერთი ახალი ტენდერი გამოცხადდება.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ტაქსების სფეროს რეგულირების მიმართულებით, გატარდა ღონისძიებები საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით - მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდა ე.წ. ,,ჭკვიანი შუქნიშნები“ და სხვა.
ავჭალის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა ოგბაიძემ მოქალაქეებს რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, გასული ერთი წლის განმავლობაში, განახლდა არსებული სკვერები, გარკვეულ ქუჩებზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცია და დაიგო ახალი ასფალტის საფარი.
რაიონის გამგეობისა და მერიის სამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოწესრიგდა შუქნიშნები და ქვეითთა გადასასვლელები.