თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებს საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
კომისიამ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა, რომლის თანახმადაც, კორექტირდება რიგი მარშრუტები. ამასთან, ზოგ მარშრუტზე იზრდება ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების რაოდენობა.
კომისიის წევრებმა აგრეთვე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს კონკრეტულ დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.
პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმებში ცვლილებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ საცნობ ნიშნებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ მათი მოქმედების ვადით.
მესამე საკითხის ფარგლებში კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებებს ემატება - რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო საქმიანობასა და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებზე კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, აგრეთვე რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებით მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ფინანსური აღრიცხვა, გადასახდელი თანხების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის ინფორმაციის მიწოდება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირა.