თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის ახალი თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებს საკითხები მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ აბულაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. ცვლილების თანახმად, შპს „ჰერმესში“ დასაქმებულ 77 ტექნიკურ მუშაკს (მესაფლავეს) თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სასაფლაოზე გადაადგილებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის უფლება მეინიჭებათ.
სხდომაზე ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ, საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს. პროექტის შემუშავება სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული 1-ლი საკითხით განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებმა საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.