თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სატრანსპორტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დეპუტატებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ჭიღლაძემ ვაკის, დიდუბის, კრწანისის და გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ თანამდებობებზე დავით კვინიკაძის, ლევან ჯღარკავას, ბექა მიქაუტაძისა და ლევან ნაროუშვილის კანდიდატურების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
დღესვე, ორი კომისიის წევრებმა თბილისის 2021 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 55 მილიონ 107 ათას 800 ლარით გაიზარდა.
გარდა ამისა, საკრებულოს დეპუტატებმა სსიპ-ქონების მართვის სააგენტოს, დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს ,,ალმას’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს და თბილისის საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.